Перейти к содержимому
Главная страница » რა გავლენას ახდენს ხმაური ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ხმაური ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი 398-ე ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებს საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიაზე, ხმაურის არახელსაყრელი ზემოქმედებისაგან ადამიანების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით (მუხლი 1), ასეთი ტიპის ხმაურად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანების ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაზე.
ნებისმიერი დამსაქმებელი/ორგანიზაცია ვალდებულია ქმნიდეს ისეთ სამუშაო სივრცეს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად იგრძნობენ და საშუალება ექნებათ ყოველგვარი მავნე ზემოქმედების გარეშე მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და უზრუნველყოფილი იყოს გარემო, რომელშიც მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება.
ხმაური არის არახელსაყრელი ბგერა, რომელიც ქმნის დისკომფორტს, ახდენს გავლენას სმენის ორგანოზე და ხელს უშლის სასურველი ბგერის აღქმას (მუხლი 2). ხმაურს განასხვავებენ ინტენსივობითა და დროითი განგრძობადობის მიხედვით (მუდმივი, არამუდმივი ხმაური…).
სმენითი პრობლემები: ხანგრძლივი ხმამაღალი ხმები აზიანებენ სმენის ფუნქციას, მგრძნობელობას ან იწვევენ მის დროებით ან მუდმივად დაკარგვას.
ძილთან დაკავშირებული პრობლემები: ხმაური არღვევს ძილის რეჟიმს, რასაც სიფხიზლის, ყურადღების კონცენტრაციის დაკარგვამდე მივყავართ.
თანმდევი ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები: ხმაურის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე უმთავრესად გამოხატულია თავის ტკივილებისა და კარდიოვასკულარული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებით.
სამუშაო სივრცეში განვითარებული ხმაურიდან გამოიყოფა:
თანმდევი ხმაური: ზოგადი გარემომცველი ხმაური HVAC სისტემებიდან, აღჭურვილობისა და შენობის მიმდინარე ხმა.
ადამიანებისგან გამოწვეული ხმაური: საუბრები, სატელეფონო ზარები და ადამიანებისგან გამოწვეული სხვა სახის ხმები.
აღჭურვილობიდან მომდინარე ხმაური: მანქანა-დანადგარები, საოფისე აღჭურვილობა.
გარემოდან შემოსული ხმაური: საცობი, მშენებლობა და სხვა.
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი 398-ე ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ხმაურის დასაშვებ ნორმებს, რაც განსხვავებულია დღისა (08:00-23:00) და ღამის (23:00-08:00) მონაკვეთებისთვის და ამავდროულად სამუშაო სივრცეების დანიშნულებისა და ფუნქციების მიხედვით. ადამიანებზე სხვადასხვა ტიპის ხმაურით მიღებული უარყოფითი გავლენებისა და შედეგების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ხმაურის სანიტარულ-ჰიგიენური შეფასება/ექსპერტიზა (ხმაურის დახასიათება, გაზომვა, შეფასება), რომელსაც სტანდარტების დაცვით ახორციელებს შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი, ამზადებს სათანადო დასკვნას, გასცემს რეკომენდაციებს.